სამეგრელო დასავლეთ საქართველოს მთელ ტერიტორიასთან ერთად ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავის ოლქშია მოქცეული. სამეგრელოს ვაკე–დაბობი და გორაკ–ბორცვიანი ზოლი გამოირჩევა ნოტიო თბილი ჰავით, უთოვლო ზამთრით და ცხელი ზაფხულით. მისი საშუალო და მაღალმთიანი ნაწილებისთვის კი დამახასიათებელი შესაბამისად, ზომიერად ცივი და ცივი ჰავა, თოვლიანი ზამთრით და ხანმოკლე ზაფხულით.
სამეგრელოს ჰავის ხასიათზე დიდ გავლენას ახდესნს შავი ზღვის სიახლოვე. ზღვის ზედაპირზე წყლის ტემპერატურა მთელი წლის განმავლობაში 9°-ზე დაბლა არ ეშვება, ზაფხულობით კი 24°–25°–ს აღმატება. თბილი ზღვის სიახლოვე ზღვისპირა ხმელეთის და თავად ზღვის ზედაპირის უთანაბრო გათბობა დღეღამისა და სეზონების მიხედვით, განაპირობებს ერთი მხრივ, ჰაერის მასების ბრიზულ და შედარებით სუსტად გამოხატულ მუსონურ ცირკულაციას და მეორე მხრივ, სითბურ გავლენას სამეგრელოსა და მთელი დასავლეთ საქრთველოს ჰავაზე.
სამეგრელოს ჰავის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის რელიეფს, კერძოდ, მის ჰიფსომეტრულ განვითარებას. სამეგრელოს ტერიტორია განფენილია ზღვის დონიდან 3200 მ–მდე, რაც განაპირობებს ჰაერის ტემპერატურის კლებას ადგილის სიმაღლის ზრდასთან ერთად. ასევე დიდი გავლენა აქვს სამეგრელოს ჰავაზე კავკასიონის განედურ გაჭიმულ მაღალ ქედს, რომელიც თავისებურ კლიმატურ ჯებირს წარმოადგენს. კავკასიონის ქედის გავლენით ჰაერის მასები ვერ იჭრებიან სამეგრელოსა და მთელი დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე.