ანტიკურ ხანაში სამეგრელო კოლხეთის სამეფოს ნაწილს წარმოადგენდა. კოლხეთი მთლინად მოიცავდა დღევანდელ დასავლეთ საქართველოს ტერიტორიას. ბერძნულ მითოლოგიაში კოლხეთი ოქროს საწმისის ქვეყნად ითვლებოდა, სადაც იაზონმა არგონავტებთან ერთად იმოგზაურა. აღსანიშნავია, რომ ძველი წელთაღრიცხვით VII საუკუნემდე ბერძნები ფიქრობდნენ, რომ კოლხეთი მათთვის ნაცნობი მსოფლიოს უკიდურეს მიჯნაზე მდებარეობდა. თანამედროვე ეპოქამდე ეს რეგიონი ლაზიკას სახელწოდებითაც იყო ცნობილი (იმ სახელის მიხედვით, რომელიც ბერძნებმა დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ ტომებს უწოდეს); მას ეგრისიც ერქვა (იმ მდინარის მიხედვით, რომელიც იქ მოედინება და შავ ზღვას ერთვის). რეგიონის პოლიტიკური ცენტრი იყო არქეოპოლისი (ან ნოქალაქევი), რომელიც თანამედროვე სენაკის მახლობლად მდებარეობს.
უძველესი კოლხური ქალაქის, ვანის, არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული ძვირფასი მასალა უხვად გვიხატავს რეგიონს ანტიკურ ხანაში. ვანის განსაკუთრებული საგანძური, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე VIII საუკუნიდან პირველი საუკუნეებით თარიღდება, ადგილობრივი სტილის ჩამოყალიბებაზე ბერძნული და სპარსული ესთეტიკის დიდ გავლენას გვიჩვენებს. ამ რეგიონში იქნა აღმოჩენილი ყველაზე უფრო ადრეული დამამტკიცებელი მასალა ათასწლეულების მანძილზე ქართული კულტურის საყრდენის - ვაზისა და მეღვინეობის შესახებ. შესაძლოა, ქალაქისა და მიმდებარე ტერიტორიების მომავალმა გათხრებმა კიდევ მეტი ნათელი მოფინოს იმ ნიშან-თვისებებს, რომლებიც ამ მხარეს ბერძნულ და სპარსულ კულტურებთან აკავშირებდა ან მათგან გამოარჩევდა.
რომაელებმა ეს რეგიონი ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველ საუკუნეში დაიპყრეს და აქ თითქმის 400 წლის განმავლობაში ბატონობდნენ. IV საუკუნეში რომის იმპერიის დაშლის გამო მისი დედაქალაქი კონსტანტინეპოლში იქნა გადატანილი. შედეგად ლაზიკაში ფართოდ გავრცელდა ქრისტიანობა და იგი რომის სამართალმემკვიდრის, ბიზანტიის იმპერიის მეკავშირე გახდა, რითაც აღმოსავლეთით მდებარე სპარსეთის იმპერიას დაუპირისპირდა.
VII საუკუნეში კავკასიას არაბების ურდო მოედო. არაბებმა იმ დროისათვის ქართლი-იბერიის სახელწოდებით ცნობილი, აღმოსავლეთ საქართველო, დაიპყრეს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დასავლეთ საქართველოს დიდი ტერიტორია არაბეთის ისლამური ხალიფატის გავლენის მიღმა დარჩა.
მას შემდეგ, რაც ხალიფატის ძლიერება კავკასიაში საგრძნობლად დასუსტდა, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველო ერთ სამეფოდ გაერთიანდა. ეს სამეფო XI საუკუნიდან XV საუკუნემდე არსებობდა. ადრეული XII საუკუნიდან მოყოლებული თურქებისა და მონღოლების შემოსევებისა და ადგილობრივი ფეოდალების მუდმივი ქიშპის გამო საქართველოს სახელმწიფო დაცემას იწყებს. XV საუკუნის დასასრულს საქართველოს მონარქია სამ მოქიშპე, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ დაიყო: ქართლი - ცენტრალურ და აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთი – აღმოსავლეთში და იმერეთი – დასავლეთში. შეიქმნა რამოდენიმე სამთავრო და მომცრო ზომის სახელმწიფო, რომლებსაც ფეოდალები მართავდნენ. ოდიშის სამთავროსთან ერთად, რომელიც ფაქტობრივად, დღევანდელი სამეგრელოს მთელს ტერიტორიას მოიცავდა, მათ რიცხვში გურია, აფხაზეთი და სვანეთიც შედიოდნენ.
XVI საუკუნის შუა წლებში საქართველოს დაქსაქსული სამეფოები და სამთავროები აღმოსავლეთით სპარსელებმა, ხოლო დასავლეთით ოსმალოებმა დაიპყრეს. მიუხედავად ამისა, საქართველოს მმართველებმა სამ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში შეძლეს გარკვეული ავტონომიის შენარჩუნება, რადგან სპარსელებსაც და თურქებსაც აწყობდათ, რომ ქართულ მიწას ერთგვარი ბუფერის როლი შეესრულებინა მეზობელ იმპერიასთან ურთიერთობაში
XII საუკუნის შუა წლებიდან მოყოლებული XIX საუკუნემდე ოდიშს დადიანების გვარის წარმომადგენლები მართავდნენ. მკვლევართა აზრით, გვარი („დადიანი“) თავდაპირველად ტიტულს წარმოადგენდა და „სტრატეგიული მიწების მმართველს“ ნიშნავდა. ამ პერიოდის უძლიერესი მმართველი ლევან II დადიანი იყო (მართავდა 1611–1657 წლებში). ლევანმა წარმატებით დაიპყრო გურია, ხოლო იმერეთი დაპყრობას არაერთხელ ბეწვზე გადაურჩა. ლევანმა რეგიონში რუსეთის გავლენის განმტკიცებასაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. მან რუსეთთან პირველი კავშირი ჯერ კიდევ 1636 წელს დაამყარა, რომ ოსმალოთა მხრიდან შესაძლო საფრთხის შემთხვევაში რუსეთის მხარდაჭერა ჰქონოდა.
No comments:
Post a Comment