Thursday, November 11, 2010

რუსეთის იმპერიასთან შეერთება

დადიანების დინასტიისა და ოდიშის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს, დასასრულის დასაწყისად შეიძლება XVIII საუკუნის ბოლო მივიჩნიოთ. გაუთავებელი, სისხლისმღვრელი და ულმობელი შიდა ომებისა და შუღლის ფონზე, რაც საქართველოს საუკუნეების მანძილზე ასუსტებდა, 1790 წელს დასავლეთ საქართველოს სახელმწიფოების – იმერეთის, გურიისა და ოდიშის – მმართველებმა დადეს ხელშეკრულება აღმოსავლეთ საქართველოში ქართლ–კახეთის სამეფოსთან (ქართლ–კახეთის სამეფო 1762 წელს შეიქმნა ორი მანამდე განცალკევებული სამეფოს გაერთიანების შედეგად). ეს ხელშეკრულება ითვალისწინებდა ერთგულების ფიცს ქართლ–კახეთის მეფე ერეკლე II–ის მიმართ, რომლის სამეფოც, თავის მხრივ, თანდათან ექცეოდა რუსეთის გავლენის ქვეშ. ეს პროცესი დაიწყო 1783 წელს გეორგიევსკის ტრაქტატის ხელმოწერით, რომლის თანახმად სამეფო რუსეთის სამხედრო მფარველობის ქვეშ ექცეოდა, ხოლო კულმინაციას 1801 წელს მიაღწია, როდესაც რუსეთმა საქართველოს სრული ანექსია მოახდინა.

დასავლეთ საქართველოს თავადების ბრძოლა ძალაუფლების მოპოვებისათვის 1790 წლის ხელშეკრულებით არ დასრულებულა. რამდენიმე წელიწადში ოდიშის თავადი გრიგოლ დადიანი იძულებული გახდა, დახმარება აღმოსავლეთისათვის ეთხოვა, რადგან მის მმართველობას ემუქრებოდნენ დამყრობლები როგორც თვით ოდიშიდან (კერძოდ, მისი დედინაცვლის ვაჟი მანუჩარი),ისე სამეგრელოს საზღვრებს გარედან (იმერეთის მეფე სოლომონ II). 1801 წლიდან გრიგოლი თხოვნით მიმართავდა არა ქართლ–კახეთის მეფეს, არამედ პავლე ციციანოვს - უკვე აღმოსავლეთ საქართველოში რუსეთის იმპერიის ახალი ტერიტორიების გუბერნატორს.

დახმარება დამოუკიდებლობის ფასად მოვიდა. 1803 წელს ოდიში რუსეთის პროტექტორატად გამოცხადდა და მას ქართულად „სამეგრელო“, ხოლო რუსულად „მინგრელია“ უწოდეს. 1804 წლის გაზაფხულზე რუსულმა სამხედრო ძალებმა აღმოსავლეთ საქართველოდან სამეგრელოში გადაინაცვლეს, რამაც რუსთ ხელმწიფეს სხვა ქართული ტერიტორიების ოკუპაციისაკენ გზა გაუხსნა. ამით რუსეთმა თურქეთთან მიმდინარე ბრძოლისათვის ბაზა მოიპოვა და შავი ზღვის სავაჭრო მარშრუტებზედაც მიიღო გასასვლელი. თუმცა, მომდევნო 50 წლის მანძილზე რუსეთს სამეგრელოს ავტონომია საშინაო მართვის საკითხებში არ შეუზღუდავს

მაგრამ 1854–1856 წლების ყირიმის ომის შემდეგ რუსეთის მბრძანებლებმა დაინახეს, რომ იმპერიის საზღვრების გაფართოებისა და სამთავრო გაუქმების შესაძლებლობა მიეცათ. ომის დაწყებამდე გარდაიცვალა სამეგრელოს მთავარი დავით დადიანი და, რადგან მისი ვაჟი და მემკვიდრე ნიკოლოზი მხოლოდ შვიდი წლის იყო, სამთავროს მმართველად დავითის ქვრივი, ეკატერინე დაინიშნა. მისი ხანმოკლე მმართველობის პერიოდი გამოირჩეოდა თურქების თავდასხმებითა და შიდა პოლიტიკური არეულობით. 1856 წელს, როდესაც ეკატერინე მეფე ალექსანდრე II–ის კორონაციას ესწრებოდა, სამეგრელოს ყმა გლეხებმა ღია ანტიფეოდალური და პრორუსული აჯანყება მოაწყეს. ამან შექმნა წინაპირობა, რომ შემდეგ წელს სამეგრელოში რუსული მმართველობა ღიად დამყარებულიყო.

რუსეთის მიერ სამეგრელოს დე ფაქტო ანექსიის მიუხედავად, ნიკოლოზ დადიანი ამ სამთავროს ტახტის მემკვიდრედ თითქმის ათი წლის მანძილზე ითვლებოდა, ვიდრე რუსეთის მმართველთა გავლენით ოფიციალურად არ გადადგა. 1867 წლის 4 იანვარს რუსეთის იმპერიამ სამეგრელოს დამოუკიდებელი სამთავრო ოფიციალურად გააუქმა.

No comments:

Post a Comment